TOP 5 მიმზიდველი სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის
პანდემიურ 2020 წელს უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი საფინანსო სექტორი აღმოჩნდა.
საქსტატის ინფორმაციით, სწორედ საფინანსო სექტორზე მოდის 2020 წელს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების თითქმის 65%. ამ სექტორში 400 მლნ დოლარი უცხოური კაპიტალი ჩაიდო.
მეორე ადგილზეა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 101.5 მლნ დოლარით, მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი, 71.8 მლნ დოლარით; მას მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობა - 68,1 მლნ-ით, TOP 5-ში ბოლო პოზიციაზე მშენებლობაა.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
საქსტატი შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ასახელებს რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ დოლარით შეამცირა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა 49.9%-ით, მეორეზე - ნიდერლანდი 27.9%-ით, მესამეზე - თურქეთი 17.5%-ით. მთლიანობაში სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3% შეადგინა.