ეკონომიკა
01/08/2022

თიბისი კაპიტალი სებ-ის მხრიდან მეტ ინტერვენციებს და ლარის ნაკლებ გამყარებას ელის

თიბისი კაპიტალი წელს ეკონომიკის ორნიშნა ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკისმთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის არსებული დინამიკა თიბისი კაპიტალის 12.2%-იან ზრდის სცენართან შედარებით სუსტია, თუმცა  ზრდა მაინც ორნიშნა იქნება.

საინვესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში ნათქამია, რომ ივნისის ეკონომიკის ზრდის წინასწარმა შეფასებამ 7.2% შეადგინა. "წინა თვესთან შედარებით, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, დაახლოებით 5.5%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ეკონომიკური აქტივობის წინა პერიოდთან შედარებით შენელება მოსალოდნელი იყო. მაგალითად, მაისის სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი წლის დარჩენილ პერიოდში იმავე დონეზე რომ შენარჩუნებულიყო, მთელი წლის განმავლობაში რეალური ეკონომიკური ზრდა 15.7%-ს შეადგენდა. ამასთან, უნდა აღნიშნოს, რომ დაფიქსირებული დინამიკა, თიბისი კაპიტალის 12.2%-იან ზრდის სცენართან შედარებით, მაინც უფრო სუსტია. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა ინდიკატორებთან ერთად, ეს დამატებითი არგუმენტია, რომ შარშანდელის შემდეგ, წელსაც ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მოლოდინების მიუხედავად, მთლიანობაში ეკონომიკის გადახურება რთული დასასაბუთებელია. ამ საკითხზე, თიბისი კაპიტალის თემატური მიმოხილვა ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი", - განმარტებულია კვლევაში.

ამავდროულად თიბისი კაპიტალი სებ-ის მხრიდან მეტ ინტერვენციებს და ლარის ნაკლებ გამყარებას ელის.

"გასულ კვირაში ასევე გამოქვეყნდა სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებლები. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრების მიუხედავად, მნიშვნელოვანი გადაცემა ვალუტის ადგილობრივ დეპოზიტებზე არ ფიქსირდება. უფრო მეტიც, ივნისში გარკვეულ შემცირებასაც კი ჰქონდა ადგილი. იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო სექტორის უცხოური ვალუტის ლიკვიდობა გაიზარდა და საბანკო სექტორში ლარიზაცია პრიორიტეტად რჩება, რაც ასევე თვალსაჩინოა ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებულ სპრედებს შორის განსხვავებაში, სულ მცირე წელს, შესაძლოა ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები საერთოდ არც გაიზარდოს. ამავდროულად, გადაცემა აშკარაა არარეზიდენტების მიერ ლარის სახელწიფო ფასიანი ქაღალდების ფლობის მაჩვენებელში, რომელიც დიდწილად დოლარში გაზრდილი განაკვეთის გამო ივნისში დამატებით შემცირდა", - განმარტებულია თიბისი ანგარიშში.

ლარის კურსს რაც შეეხება, ძლიერი წმინდა შემოდინებები თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია, თუმცა თიბისი კაპიტალი საბაზო სცენარში სებ-ის მხრიდან უფრო მეტ ინტერვენციებს და შესაბამისად, ნაკლებ გამყარებას ვარაუდობს. ეს სცენარი თანხვედრაშია ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებასთან და წლის ბოლოსაკენ მის შემცირებასთან.

Businesspartner