თიბისი კაპიტალი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ელის
თიბისი კაპიტალი ლარის დამატებით გამყარებას აღარ ელის. კონკრეტულად საინვესტიციო ბანკს ეროვნული ვალუტის გამყარების მოლოდინი დოლარის ევროსთან შემდგომ დასუსტებამდე აღარ აქვს.
ამავდროულად თიბისი კაპიტალი ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას და მონეტარული პოლიტიკის შერბილებას მარტიდან ვარაუდობს, თუმცა საპროცენტო განაკვეთის დაწევა არც მიმდინარე კვირაში გამოირიცხება. სწორედ პირველ თებერვალს არის ჩანიშნული მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა.
საინვესტიციო ბანკი Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაზრდასაც ეხება და აღნიშნავს, რომ ძლიერი სავალუტო შემოდინებების შედეგად, გრძელდება სებ-ის ინტერვენციები დეკემბერში, წინა თვეების მსგავსად, აშშ დოლარის თითქმის 100 მილიონის ოდენობით შესყიდვით.
"სხვა არსებით ფაქტორებთან ერთად, საერთაშორისო რეზერვების ზრდაც გახდა Fitch-ის მიერ რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მიზეზი.
იანვრის სექტორული ბრუნვების ანალიტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკის ზრდა ისევ ძლიერია. ეს შესაძლოა გახდეს მონეტარული პოლიტიკის მოლოდინებთან შედარებით უფრო ნაკლებად შერბილების არგუმენტი. თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ინფლაციის შემცირება იანვარშიც გაგრძელდება. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ როგორც ჩანს, ყოველთვიური ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბალი იქნება. ამასთან, ეს პროგნოზი რომც გამართლდეს, ბევრი იქნება დამოკიდებული ინფლაციის სხვადასხვა შემადგენლის დინამიკაზე. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო მარტში დაიწყება, თუმცა საპროცენტო განაკვეთის მიმდინარე კვირაში დაწევაც არაა გამორიცხული", - განმარტებულია თიბისი კაპიტალის კვლევაში.