ეკონომიკა
20/12/2021

თიბისი კაპიტალი: ლირის გაუფასურება ლარის შესაძლო კორექტირებაზე კითხვებს აჩენს

თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ლარის მიმართ პოზიტიური განწყობების მიუხედავად, გასული კვირის განმავლობაში თურქული ლირის მორიგი გაუფასურება ლარის შესაძლო კორექტირებაზე დამატებით კითხვებს აჩენს.

„თუმცა, ჩვენი წინა ანალიზის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თურქული ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება ისტორიულად გამოირჩევა როგორც იდიოსინკრატული, მხოლოდ თურქეთთან დაკავშირებული შოკი. ეს შესაბამის გრაფიკზეა ილუსტრირებულია, სადაც შედარებულია ლარის საშუალო გაცვლითი კურსის გადახრა პერიოდის საშუალოდან თურქული ლირის ჩათვლით და მისი გამორიცხვით.

ასევე, გასულ კვირას, საქსტატმა 2021 წლის მესამე კვარტალის საშუალო თვიური ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. მართალია ნომინალურად ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ორნიშნა ინფლაციის გათვალისწინებით, რეალურ გამოხატულებაში შემცირება დაფიქსირდა. ამასთან, პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი ამავე პერიოდში გაიზარდა, თუმცა მატება ინფლაციის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყო, რაც თანხვედრაშია ინფლაციის ნორმალიზების ჩვენს პროგნოზთან.“–ნათქვამია რეპორტში.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, საქონლით ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების დინამიკამ ძლიერი ზრდის ტემპი გამოავლინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვნი იყო იმპორტის 2019 წელთან შედარებით მატების ტენდენციაზე დაბრუნება.

რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული აღდგენის ნელი ტემპი ნოემბერშიც გაგრძელდა და აშშ დოლარში გამოხატვით, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემოსავლებმა 55.0% შეადგინა. ჯამურ შემოდინებებთან შედარებით ნოემბერში უფრო ძლიერი იმპორტის გამო წმინდა შემოდინებები გაუარესდა, თუმცა, ამავე პერიოდში ლარში ინვესტირება გაიზარდა.