თიბისი კაპიტალი: ივლისში აღდგა ექსპორტის რეალური და არა მხოლოდ ფასების მატებით გამოწვეული ზრდა
ივლისში პირველად, პანდემიის შემდეგ, აშშ დოლარში გამოსახვით, ტურისტულმა შემოდინებებმა მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 2019 წლის დონეს გადააჭარბა, - თიბისი კაპიტალი ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
"თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის ივლისში, რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო, პოტენციურ დონესთან შედარებით, მასპინძლობის სექტორში აქტივობა ნაკლები იყო. ამ მხრივ, უფრო მეტად ინფორმატიული, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, პანდემიამდელი, 2020 წლის იანვრის დონეა, რომლის მიმართებაშიც, 2022 წლის ივლისში, აღდგენა ასევე ძლიერი - 115.9% იყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ივლისში, გზავნილების დინამიკა უფრო სუსტი იყო, თუმცა მხოლოდ წინა თვეებთან შედარებით და ასევე, ეს მხოლოდ რუსეთის ფაქტორით იყო გამოწვეული რა მხრივაც, ორმაგი აღრიცხვის პრობლემისა და სხვა მიზეზების გამო, შესაბამის შესწორებას წინა თვეებში უკვე ჰქონდა ადგილი", - წერია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში.
კვლევაში ნათქვამია, რომ ივლისში სავალუტო შემოდინებების დინამიკა კვლავ ძლიერი იყო. უფრო მეტიც, საერთო გაუმჯობესებასთან ერთად, წინა თვის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, მცირედით, მაგრამ მაინც აღდგა ექსპორტის რეალური და არა მხოლოდ ფასების მატებით გამოწვეული ზრდა. ასევე საყურადღებოა, რომ ამჯერად, რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა, რაც ძირითადად ალკოჰოლური სასმელების, მსუბუქი ავტომობილებისა და ხილის ექსპორტის შედეგს წარმოადგენდა.
თიბისი კაპიტალის მტავარი ეკონომისტი ელის რომ შემოდინებები კვლავ ძლიერი დარჩება.