ეკონომიკა
28/06/2023

"Tether-ი საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია Tether Operations Limited - ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და Tether Operations Limited - ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა პაოლო არდოინომ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კომპანია Tether - ი საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება.

მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია Tether - ი დაინტერესებულია, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ამ მიზნით, კომპანია ადგილობრივი სტარტაპებისთვის შექმნის სპეციალურ ფონდს, რომელიც მათ ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებაში, საქართველოს კი, ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება.

„ჩვენ ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე ბლოქჩეინ ტექნოლოგიის საგანმანათლებლო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ადგილობრივი ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე აღნიშნული პროფილის კომპანიების საქართველოში შემოყვანას“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის.

ღონისძიებას დაესწრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე.