ეკონომიკა
28/12/2022

თბილისში 2023 წელს ₾1.8 მლრდ-ის პროგრამები განხორციელდება

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა.

„დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს 1 მილიარდ 632 მილიონ ლარს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდილია. შეგახსენებთ, რომ 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გაზრდილია 326 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი 2023 წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრების და პროექტების ფარგლებში განახორციელებს 166 მილიონი ლარის ღონისძიებებს. ჯამურად, თბილისში 2023 წელს განსახორციელებელი პროგრამების ოდენობა შეადგენს დაახლოებით, 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, შემოსავლები, კერძოდ, 1 მილიარდ 632 მლნ ლარი შედგება მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლებისგან, რომელიც არის 1 მილიარდ 157 მლნ ლარი და ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული ტრანსფერებისგან, რომელიც 474 მლნ ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შემოსავლები შედგება გადასახადებისგან, რომელიც 875 მლნ ლარია, მათ შორის, ქონების გადასახადი დაგეგმილია 250 მლნ ლარზე, დამატებითი ღირებულების გადასახადო 622 მლნ ლარია,  სხვა შემოსავლები 229 მლნ ლარი, მათ შორის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 60 მლნ ლარი, დასუფთავების მოსაკრებელი 65 მლნ ლარი, ჯარიმები 67 მლნ ლარი და მშენებლობის მოსაკრებელი - 17 მლნ ლარი. არაფინანსური აქტივების კლება ანუ პრივატიზაცია განსაზღვრულია 55 მლნ ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებების, ხოლო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით - 500 მლნ ლარის პროექტების განხორციელება; გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 198 მლ ლარი, ტრანსპორტის სუბსიდია - 286 მლნ ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება - 39 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალური ბაღები -171 მლნ ლარი; ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამების ღირებულება ჯამურად 32 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გარდამავალი პროექტებისთვის გათვალისწინებულია 115 მლნ ლარი.