ეკონომიკა
17/01/2023

თბილისში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია EBRD-ის სესხით იგეგმება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტს დააფინანსებს. აღნიშნულს მხარეებს შორის გაფორმებული ახალი საკრედიტო შეთანხმება ითვალისწინებს. ფინანსური პაკეტი მოიცავს 5 მილიონ ევრომდე საინვესტიციო გრანტს მწვანე კლიმატის ფონდისგან (GCF).

EBRD თბილისისთვის ამ თანხებს "მწვანე ქალაქების" ინიციატივის ფარგლებში გამოყოფს. მათივე ცნობით, თბილისი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო და მის ფარგლებში ქალაქების სამოქმედო გეგმა (GCAP) შეიმუშავა. 

"ახალი სესხი ეფუძნება ამ ფართო ძალისხმევას, რომლის ნაწილი გულისხმობს კერძო ტრანსპორტიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის წახალისებას. ქალაქის სატრანსპორტო სისტემა სარგებელს მიიღებს მისი მეტროსადგურების საიმედოობის, ეფექტურობის და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ამაღლების შედეგად.

ესკალატორების უკეთესი განათება, ვენტილაცია და ენერგოეფექტურობა გააუმჯობესებს თბილისელების ყოველდღიური მგზავრობის ხარისხს, ხოლო სადრენაჟე სისტემების კაპიტალური რემონტი ქსელის კლიმატისადმი მედეგობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს,"-ნათქვამია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტივების მართვის ახალ გეგმასთან ერთად, რომელიც პროექტის ფარგლებში დაფინანსდება, გაზრდის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) შემოსავალს, რომელიც არ არის ტარიფთან დაკავშირებული, ამავდროულად გააუმჯობესებს სერვისს აუცილებელი ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დროის შემცირების გზით.

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით,  EBRD-ი წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყებიდან, ბანკმა ინვესტირება მოახდინა ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში, მათ შორის ფინანსური, კორპორატიული, ურბანული, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.

"დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ სესხის ხელშეკრულებას თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის. იმედი გვაქვს რომ ეს პროექტი გააუმჯობესებს გარემოს და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხარისხს. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს რომ პროექტის წარმატებული შესრულება მეტ ხალხს უბიძგებს საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისკენ. პროექტი გააუმჯობესებს მეტრო სადგურების ხელმისაწვდომობას, სანდოობას და უსაფრთხოებას. პროექტი ასევე გააუმჯობესებს მეტროს ენერგო ეფექტურობას და დაეხმარება ქალაქს ააშენოს უფრო ეფექტური და კლიმატურად მდგრადი ინფრასტრუქტურა,"-აცხადებს ხუციშვილი. 

EBRD-ის ვიცე პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი კი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში თბილისმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიმართულებით მზარდი გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად.

ცნობისთვის, EBRD-მა საქართველოში დღემდე 5 მილიარდზე მეტი ევროს ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის ფარგლებში, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მოიცავს.