ეკონომიკა
15/06/2023

"თბილისის საერთაშორისო კონტენტ შოუმ შესაძლებლობა მოგვცა ქართულ გამოცდილებასა და კულტურას გავცნობოდით"

"მოხარულები ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო კონტენტ შოუს ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა არა მხოლოდ მონაწილეობა მიგვეღო ღონისძიებაში, არამედ გავცნობოდით ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ ლოკაციებს", - ამის შესახებ ამერიკელმა პროდიუსერმა ბილ დაიმონდმა თბილისის საერთაშორისო კონტენტ შოუს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებები ეხმარება ამ ინდუსტრიას იმსჯელოს არა მხოლოდ არსებული გამოწვევების გადაჭრაზე, არამედ ახალი გზების ძიებაზე.

„საერთაშორისო კონტენტ შოუს მონაწილეებს ჩვენ გავუზიარეთ ამერიკული გამოცდილება, თუ როგორ შევქმნათ უკეთესი კონტენტი გლობალურად და პირიქით, მოვისმინეთ სხვების გამოცდილება. დღეს ყველა ვთანხმდებით, რომ კონტენტის შექმნის ძველებური მეთოდები აღარ მუშაობს და საჭიროა ახლის ძიება“, - აღნიშნა ბილ დაიმონდმა.

საქართველოში პირველი საერთაშორისო კონტენტ შოუ კახეთში, „რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“ გაიმართა.

ორდღიანმა ღონისძიებამ თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნების კინო და მედია სტუდიებს, მათ შორის Paramount Global Content Distributions, New Regency, Sony Pictures Entertainment, ასევე კონტენტის შემქმნელებს, დისტრიბიუტორებს, პროდიუსერებსა და ბაიერებს.

კონტენტ შოუს ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ უახლეს მედიატრენდებს, ინოვაციურ ფინანსურ მოდელებსა და ახალ მედიატექნოლოგიებს. შოუს ფარგლებში ასევე მოეწყო პანელური დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური კონტენტის გამოწვევები, კონტენტის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე კონტენტში. უახლესი მედიატრენდები, ინოვაციური ფინანსური მოდელები და ახალი მედიატექნოლოგიები.