ეკონომიკა
15/05/2023

"თბილისის ახალი აეროპორტი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებსაც უნდა მოემსახუროს"

"თბილისის ახალი აეროპორტი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებსაც უნდა მოემსახუროს"- ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" ტურისტული სააგენტო  "ავიაქსელის" დირექტორმა ამირან აბესაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დედაქალაქთან ახლოს ორი აეროპორტის არსებობაში პრობლემა არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია კონცეფციები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.

"თუ გადავხედავთ მსოფლიოში აეროპორტების გეოგრაფიას, ყველა დიდ ქალაქს ორი აეროპორტი აქვს ახლომახლო. აქ მთავარია, რა კონცეფცია ექნება ახალ აეროპორტს. მოემსახურება თუ არა ის დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს. როგორი საფასო პოლიტიკა და მოსაკრებელი ექნება.

ჩვენ არ უნდა დავთვალოთ იმ მგზავრთანაკადით, რაც დღეს გვაქვს, მაჩვენებლები რა თქმა უნდა ეტაპობრივად კიდევ უფრო გაიზრდება. 2027 წლისთვის 10 მლნ-საც გადააჭარბებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი ისე ვერ გაფართოვდება, რომ ამ მაჩვენებლებს აუვიდეს."- განმარტა ამირან აბესაძემ.

მისივე თქმით, ახალი აეროპორტის აშენების შემდეგ, კონკურენციიდან გამომდინარე, მგზავრებზე არსებული მოსაკრებელიც შემცირდება.

"ქუთაისის აეროპორტის მოსაკრებელი მგზავრზე, დღესდღეობით 12 დოლარია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის - 26 დოლარი. ახალი აეროპორტი აუცილებლად უნდა იყოს დაბალბიუჯეტიან ფრენებე გათვლილი და ჰქონდეს ტრანზიტული სივრცე, რომელიც დღესდღეობით თბილისის აეროპორტს არ გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აეროპორტებით ტრანზიტულად ვერ სარგებლობენ მგზავრები." - აღნიშნა ამირან აბესაძემ.

მისივე თქმით, ახალი აეროპორტის მშენებლიბის საკითხი ინვესტორების მხრიდან ინტერესს გამოიწვევს.

"ინტერესი აუცილებლად იქნება. აქედან გამიმდინარე, მე მაინც ვთვლი, რომ უმჯობესია ბიზნესიდან სახელმწიფო დისტანცირდეს და ახალი აეროპორტი, თუკი ის აშენდება, კერძო სექტორმა მართოს. ბიზნესი უნდა აკეთოს ბიზნესმა" -აღნიშნა ამირან აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისთან ახლოს ახალი აეროპორტის მშენებლობის საჭიროებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრმა განაცხადა. ფინანსთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მზარდი მგზავრთნაკადის ფონზე თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი და ეს ობიექტური მოცემულობაა.