ეკონომიკა
05/01/2022

TBC Capital: სუსტ ლირას საქართველოს ეკონომიკასა და ლარზე ნეგატიური გავლენა, შესაძლოა, არ ჰქონდეს

თიბისი კაპიტალი ვარაუდობს, რომ ლირის გაუფასურება საქათველოს ეკონომიკაზე დიდ გავლენას არ მოახდენს. საინვესტიციო კომპანიას ვარაუდის გასამყარებლად კონკრეტული არგუმენტები მოჰყავს. კითხვა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას ეხება, რადგან ამ სექტორის ფასები თურქეთში გაცილებით უფრო ზომიერად იზრდება.

კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოში (მათივე მოლოდინების შესაბამისად) მაღალი წლიური  ინფლაცია მხოლოდ დაბალმა საბაზო ეფექტმა განსაზღვრა, ფასების ზრდის თვიური გაწლიურებული მაჩვენებელი კი წინა თვის მსგავსად სამიზნეზე დაბალი იყო.

"საქართველოსგან განსხვავებით, დეკემბერში თურქეთის ინფლაციამ მოლოდინებს გადააჭარბა, როგორც სამომხმარებლო, ასევე უფრო მეტად მწარმოებელთა ფასების შემთხვევაში. კერძოდ, ადგილობრივი მფი წ/წ 79.9%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში ლირა დოლართან მიმართებით 77.3%-ით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის საგარეო მფი ჯერ გამოქვეყნებული არ არის, სავარაუდოა, რომ დინამიკა მსგავსი იქნება და ასეთ შემთხვევაში, ლირის ნომინალური გაუფასურების ეფექტი სრულად განეიტრალდება.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი წინა ანალიზი ძირითადად სამომხმარებლო ფასების მიხედვით გაანგარიშებულ რეალურ გაცვლით კურსს ემყარებოდა. კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად კი თურქეთის მწარმოებელთა, განსაკუთრებით საგარეო, ფასების ინდექსი უფრო რელევანტურია. ამ  მაჩვენებლით გაანგარიშებული რეალური კურსი აჩვენებს, რომ ლირა ლართან მიმართებით მატერიალურად გაუფასურებული არც არის. შესაბამისად, ეს დამატებითი არგუმენტია იმისათვის, რომ სუსტ ლირას საქართველოს ეკონომიკასა და ლარზე ნეგატიური გავლენა შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს.

ერთადერთი კითხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან დაკავშირებით რჩება, რადგანაც ამ სექტორის ფასები თურქეთში გაცილებით უფრო ზომიერად იზრდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან საქართველოში იმპორტში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი მხოლოდ დაახლოებით 5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ტურიზმს, ექსპორტსა და ფულად გზავნილებს, სუსტი ლირის ნეგატიური ზეგავლენა ამ მხრივ, კიდევ უფრო საკამათოა", - ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში. 

Businesspartner