ეკონომიკა
09/08/2021

TBC Capital: სამომხმარებლო ფასების ინდექსმა ბაზრის მოლოდინებს მკვეთრად გადააჭარბა

 TBC Capital-ის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდამ 2021 წლის ივლისში ბაზრის მოლოდინებს მკვეთრად გადააჭარბა და 11.9% შეადგინა.

ფასების ზრდა სამომხმარებლო კალათის თითქმის ყველა ჯგუფში დაფიქსირდა. ამასთან, აღსანიშნავია სურსათის, ტრანსპორტისა და კომუნალური გადასახადების მაღალი კონტრიბუცია.

საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შედეგად, სურსათისა და ტრანსპორტის ჯგუფების კონტრიბუცია (წ/წ 14.2% და წ/წ 22.5%) წლიურ ინფლაციაში, შესაბამისად, 4.43 პპ და 2.65 პპ იყო.

აღნიშნული ჯგუფების მსგავსად, ბუნებრივ აირზე გაზრდილმა გადასახადმა მნიშვნელოვნად გაზარდა კომუნალური გადასახადების კონტრიბუციაც (1.65 პპ). ამასთან, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა, რაც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ივლისის თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული 28.5%-ს შეადგენს.