TBC Capital: ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები სახეზეა
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიშის მიხედვით ტურიზმის, გზავნილებისა და ლარის გამყარების კუთხით არსებული მდგომარეობა და მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია.
ინფლაციის შემცირების კუთხით ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
TBC Capital-ის ეკონომისტი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ, ლარის შემდგომი გამყარების არგუმენტები კვლავაც სავალუტო ბაზარზე დოლარის ძლიერი მიწოდება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით საშუალო კურსიდან გამომდინარე, მისი ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები უკვე სახეზეა.
ამასთან, ტურიზმის აღდგენა გრძელდება, ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ თიბისის მაისის მონაცემებზე დაყრდნობით, ტურისტულმა შემოსავლებმა მიგრაციის ეფექტის გარეშეც მოიმატა.
რაც შეეხება გზავნილებს, ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების ხარჯზე, მოსალოდნელზე ბევრად უფრო მეტად გაიზარდა.
საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, გადმორიცხვების მნიშვნელოვანი ნაწილი მიგრაციას უკავშირდება და ამდენად, ტურიზმის შემოსავლებშიც აღირიცხება. ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა რომ საგარეო შემოდინებები ძლიერია და საქართველოს საგარეო ბალანსი უმჯობესდება.
პუბლიკაციის მიხედვით, აპრილის საკრედიტო აქტივობა, მარტის გარკვეული შენელების შემდეგ, ძლიერი იყო. სავალუტო კომპოზიციის მხრივ, უცხოური ვალუტა ჭარბობდა.
ასევე, გაუმჯობესდა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები.
გასულ კვირაში, საქსტატმა მწარმოებელთა ფასების აპრილის ინდექსიც გამოაქვეყნა, სადაც წინა პერიოდთან შედარებით ფასების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა, რაც ასევე საყურადღებოა სამომხმარებლო ფასების კუთხითაც, რადგანაც ხშირად მწარმოებელთა ფასები, აღნიშნულის წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება.