ეკონომიკა
28/03/2022

TBC Capital-ი ომის ფონზე, წელს ეკონომიკის 3.5-4%-იან ზრდას ელის

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, სხვადასხვა ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკის ზრდის შემცირებას ელის. 

სხვადასხვა უწყება ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს 100-დან 500 მლნ დოლარამდე დანაკლისს მიიღებს.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა თიბისი კაპიტალმაც. საინვესტიციო ბანკის მთავარიო ეკონომისტი ვარაუდობს, რომ 2022 წლისათვის საბაზო სცენარი 3.5-4%-იან ზრდასთან კიდევ უფრო ახლოს არის, ვიდრე ეკონომიკის 1.5%-ით შემცირებასა ან 0.5%-ით მატების მოლოდინთან.

მთავარი ეკონომისტის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, TBC Capital–მა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების 25 მარტის "აღდგენის დინამიკა" გამოაქვეყნა, რომელში მოცემული ინდიკატორებიც ეკონომიკის შედარებით მდგრადობაზე მიუთითებდა.

რა დანაკლისი შეიძლება განიცადოს ქვეყნის ეკონომიკამ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, IDFI-ს კვლევა გამოაქვეყნდა, რომლის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკამ მოსალოდნელია დაახლოებით -114 მლნ დოლარით იზარალოს საშუალო სცენარით და -500 მლნ დოლარით შეზღუდვების სცენარით. 

კვლევაში მიმოხილულია საგარეო ვაჭრობაზე გავლენაც: 2022 წელს, ექსპორტი მოსალოდნელია დაახლოებით 7%-ით შემცირდეს (-300 მლნ. აშშ. დოლარი), 2021 წელთან შედარებით. შემცირება ძირითადად რუსეთის (-50%), ბელარუსის (-33%) და უკრაინის (-50%) მიმართულებით არის მოსალოდნელი. სხვა ქვეყნებში ექსპორტის ზრდა მცირედით შეარბილებს შემცირების ეფექტს. შეზღუდვების სცენარის შემთხვევაში ექსპორტი -525 მლნ. აშშ დოლარით შემცირდება.

2022 წელს, ექსპორტის შემცირებასთან ერთად მოსალოდნელია იმპორტიც შემცირდეს დაახლოებით 174 მლნ დოლარით (-450 მლნ დოლარი შეზღუდვების სცენარით). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება და შემცირებული ეკონომიკური აქტივობა ამცირებს იმპორტს. თუმცა, ქვეყანაში გაზრდილი ვიზიტების რაოდენობა და ხანგრძლივობა მცირედით აკომპენსირებს აღნიშნულ შემცირებას.

რაც შეეხება რუსეთიდან ფულადი გზავნილებს, კვლევაში ნათქვამია, რომ წელს თითქმის განულების შემთხვევაშიც კი საქართველოს ეკონომიკას 89 მლნ დოლარზე მეტი არ დააკლდება საშუალო სცენარით (-116 მლნ დოლარი შეზღუდვების სცენარით) და ჯამში ფულადი გზავნილები 4%-ზე მეტად არ შემცირდება. რუსეთზე დამოკიდებულება ფულადი გზავნილების შემთხვევაში მკვეთრად მცირდება 2008 წლიდან. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 65%-დან 16%-მდე შემცირდა აღნიშნულ პერიოდში და მოსალოდნელია კიდევ უფრო შემცირდეს 2022 წელს.

ტურიზმის სექტორის შემოსავლები მოსალოდნელია +456 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდოს 2022 წელს (+153 მლნ. აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით), 2021 წელთან შედარებით. ჯამურმა შემოსავალმა მოსალოდნელია 1.7 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინოს (რუსეთის მოქალაქეების წილი 27%). იზრდება შემომავალი ვიზიტორების რაოდენობა და დარჩენის ხანგრძლივობა.

რუსეთიდან იმპორტირებული ელ. ენერგია მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან შეიძლება ჩანაცვლდეს. ელ. ენერგიის იმპორტი რუსეთიდან ჯამურ მოხმარებაში 9%-ს შეადგენდა 2021 წელს და მოსალოდნელია უმტკივნეულოდ ჩანაცვლდეს მეგობარი ქვეყნებიდან იმპორტის ზრდის ხარჯზე.

რეგიონში გაზრდილი რისკების შედეგად მოსალოდნელია მიმდინარე წელს ინვესტიციების შემცირება -350 მლნ. აშშ დოლარით (-450 მლნ. აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით), რაც შეიძლება დაკომპენსირდეს აშშ-თან და ევროპის ქვეყნებთან გაზრდილი ინტეგრაციის ხარჯზე.