TBC Capital: არ არის აუცილებელი ლირის გაუფასურებას ლარის გაუფასურება მოჰყვეს
TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტის აზრით, არ არის აუცილებელი ლირის გაუფასურებას ლარის გაუფასურება მოჰყვეს, მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირაში, თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა და ელჩებთან დაკავშირებული განცხადების შედეგად, ლირა დამატებით დასუსტდა და აშშ დოლართან მიმართებაით ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
"მაშინ როდესაც ლარი ლირის მიმართ მყარდებოდა ლარის ყველა სხვა სავაჭრო პარტნიორის საშუალო გაცვლით კურსზე უფრო მეტად, როგორც ეს სადღეისოდ ფიქსირდება, თურქეთის წილი იმპორტში დაახლოებით ცხრა თვიანი დროითი ჩამორჩენით იზრდებოდა, თუმცა ამას ჯამურ იმპორტზე რამდენადმე მაინც მატერიალური ზეგავლენა არ ჰქონია.
ეს მიუთითებს, რომ თურქული იმპორტი ძირითადად კონკურენციას სხვა იმპორტს უწევს, და არა - ადგილობრივ მწარმოებლებს. არადა, ამ მხრივ ლირის ლართან კავშირი მხოლოდ ჯამური იმპორტის დინამიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, თურქეთში ექსპორტსა და გაცვლით კურს შორის თუნდაც რაიმე კორელაცია საერთოდ არ იკვეთება.“–ნათქვამია მთავარი ეკონომისტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ლირის კიდევ უფრო, ერთბაშად 3%-იანი გაუფასურება მოყვა. ერთი დოლარის ფასი 9.49 ლირა გახდა, რაც ლირის ანტირეკორდია. თურქეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებენ. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ თურქეთში მაღალი ინფლაციაა, წლიური მაჩვენებელი თითქმის 20%-ს აღწევს.