ეკონომიკა
22/05/2023

თამარ გოგოლაშვილი: "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონპროექტი სამ მიმართულებას დაარეგულირებს

ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტის, თამარ გოგოლაშვილის  განცხადებით, ელექტრონული კომერციის  კანონის არსებობაზე ბიზნესები დიდი ხანია საუბრობენ.

როგორც გადაცემა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ გოგოლაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი, ამ ეტაპზე როგორი ფორმითაცაა წარმოდგენილი, ბიზნესებისთვის მისაღებია.

აღსანიშნავია, რომ "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონპროექტი სამ მიმართულებას განმარტავს და დაარეგულირებს.

პირველი საკითხი  - თუ როგორი ფორმით უნდა დაიდოს ელექტრონული ხელშეკრულება მიმწოდებელსა და საქონლის ან სერვისის  შემძენს შორის.  ამავე ნაწილში სტანდარტები დგინდება, ინფორმაციის მიწოდების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესმა კომპანიის შესახებ დეტალები ვებ-გვერდზე  ღიად გამოაქვეყნოს, რათა მომხმარებელს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მომწოდებელი იპოვოს, რისი ლეგიტიმური უფლებაც აქვს.

მეორე ნაწილი არეგულირებს ფასის განმარტებას. მომხარებელს აქვს უფლება იცოდეს რაში იხდის თანხას, ეს იქნება მიწოდების საფასური თუ საგარანტიო მომსახურების საფასური და ა.შ. გარდა ამისა ეს ნაწილი  არეგულირებს შუალედური  მომწოდებლების უფლებებს, მოვალეობებს და ა.შ.

მესამე ნაწილში განისაზღვრა, თუ ვინ არის მარეგულირებელი და დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელმა ვის უნდა მიმართოს. მარეგულირებლად  განისაზღვრა კონკურენციის სააგენტო.

გარდა ამისა კომპანიის დარღვევის შემთხვევაში, დადგინდა ჯარიმის ზედა ზღვრის ოდენობა და ისმ თუ დაჯარიმება რა თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს.

„ვისურვებდი, ამ კანონპროექტის განხილვის პროცესში, საპარლამენტო კომიტეტთან ურთიერთობის ნაწილში უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართულები როგორც ასოციაცია, ასევე ბიზნესი.  სასურველი იქნება, რომ ბიზნესის ხმა იქნეს გათვალისწინებული, ვინაიდან ჩვენზე ეს მნიშვნელოვნად აისახება და რაც შემდგომში მომხარებელზეც გავლენას მოახდენს,“ - განაცხადა გოგოლაშვილმა.

რეფორმის მიხედვით, მაღაზიებს მიეცემათ საშუალება, 90 დღის განმავლობაში დააკმაყოფილონ სტანდარტები და ბიზნესის გამჭვირვალობა უზრუნველყონ.

გოგოლაშვილის განმარტებით, აღნიშნული რეგულაციები ბიზნესისთვის დარტყმა არ იქნება, ვინაიდან კეთილსინდისიერად ფუნქციონირებული ბიზნესი ისედაც დააკმაყოფილებს გამჭვირვალობის სტანდარტს.

როგორც ცნობილია, ელექტრონული კომერციის შესახებ რეფორმა მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას; სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

შეგახსენებთ, რომ USAID-ის  ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში  ელექტრონული კომერციის რეფორმა ხორციელდება. "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონპროექტი კი უკვე პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა.  

 

 

Businesspartner