თამარ გაბუნია: საქართველო ვაქცინებს აფინანსებს და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში არ შედის
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ვაქცინაციის მიმღებთა პრიორიტეტილ ჯგუფში ის ქვეყნები მოხვდნენ, რომლებიც დაბალშემოსავლიანები არიან.
თამარ გაბუნიას განცხადებით, რადგან საქართველოს ვაქცინების შეძენა თავად შეუძლია, ის ვაქცინების გლობალური ალიანსის წევრი ქვეყანაც აღარ არის.
"ჩვენ ვაქცინების გლობალური ალიანსის წევრი ქვეყანა აღარ ვართ. საქართელო მისი ეკონომიკური სტატუსით გადავიდა შემდეგ ეტაპზე და აღარ არის დაბალშემოსავლიანი ქვეყანა. ამდენად, აქ ჩვენს სურვილსა და მოთხოვნაზე არ არის დამოკიდებული ეს ამბავი. ეს განისაზღვრება ობიექტური ეკონომიკური პარამეტრებით, რომელ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს ესა თუ ის ქვეყანა. ამრიგად, ის ქვეყნები, რომლებიც ჯერაც მიეკუთვნებიან დაბალი შემოსავლის ქვეყნებს, მოხვდნენ პრიორიტეტულ ჯგუფში. საქართველო აღარ არის "გავის" წევრი ქვეყანა, თავად აფინანსებს ვაქცინებს. ეს ქვეყნისთვის მიღწევაა. ამის მიხედვით მოხვდა იმ ქვეყნების კატეგორიზაცია, რომელი რომელ ჯგუფში უნდა მოხვედრილიყო. საქართველო მოხვდა 18 ქვეყანას შორის, რომელსაც პირველ ეტაპზე Covax-ისგან უნდა მიეღო პირველ კვარტალში Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები.
ამდენად, ეკონომიკური სტატუსის მიხედვით რომელ ჯგუფში მოვხვდებით, ეს ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული",- აღნიშნა გაბუნიამ.