ეკონომიკა
12/04/2023

თამარ ბუაძე: "მეწარმეთა შესახებ" კანონი, პირველ რიგში,საქართველოს მოქალაქეებს უნდა გამოადგეს

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა USAID-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან და ინვესტორთა საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებისას გამოვლენილი გამოწვევებისა და მიგნებების შესახებ ღონისძიება გამართა.

როგორ მუშაობს "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონი და რა გამოიკვეთა მონიტორინგის პროცესში - ამ თემაზე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ეკონომიკური რეფორმების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ისაუბრა.

მისი თქმით, ეს რეფორმა ყველა ბიზნესს ეხება, შესაბამისად პროცესის მონიტორინგის საჭიროება თავიდანვე განისაზღვრა, ამისთვის კი სასამართლოსთან, საჯარო რეესტრთან და კერძო სექტორთან ითანამშრომლეს.  

"იმის მიუხედავად, რომ კანონი ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია, მაინც საჭიროებს გამოვლენილი ტექნიკური ცვლილებების განხორციელებას. ვფიქრობთ, შეხვედრები გაგრძელდბა, რაც ცვლილებების პაკეტის შემუშავების საფუძველი იქნება. განსაკუთრებით გამოიკვეთა საჯარო რეესტრის მხრიდან ცვლილებების განხორციელების საჭიროება. ზოგიერთი პრობლემა შეიძლება არ საჭიროებდეს კანონში ცვლილებების განხორციელებას, თუმცა ზოგიერთის შემთხვევში, უკეთესი იქნება თუ კანონში ცვლილება იქნება შეტანილი.

მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ კერძო სექტორის მოსაზრება არ არის, საჯარო რეესტრი და სასამართლოც მიიჩნევს, რომ გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს."- აცხადებს თამარ ბუაძე.

მისივე თქმით, თვითმიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ კანონი ევროინტეგრაციისთვის გამოგვადგეს. პირველ რიგში ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი.

"რეფორმებს არ მოვიაზრებთ როგორც მხოლოდ კანონის მიღებას. ამასთან ერთად უნდა ხდებოდეს მისი ეფექტური აღსრულება. ახლა სწორედ ამ ეტაპს გავდივართ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც წინსვლაში გვაბრკოლებს გამოვასწოროთ. მოგეხსენებათ, აქტიურად ვთანამშრომლობთ ინვესტორთა საბჭოსთან და შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ცვლილებების პაკეტზე მუშაობს. წარმოდგენილი რეკომენდაციები განხილული იქნება აღნიშნული ჯგუფის მიერ და კიდევ უფრო დაზუსტდება. შესაბამისად, ვფიქრობთ შემდეგი ნაბიჯი დოკუმენტის პარლამენტთან კომუნიცირებაა. ზუსტი ვადა არ არის დათქმული, თუმცა ვფიქრობ ამ წლის სექტემბრისთვის კერძო სექტორი უნდა ჩამოყალიბდეს."-აღნიშნავს თამარ ბუაძე.

ცნობისთვის, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონი, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა საკორპორაციო მართვის ფილოსოფია, ძალაში 2022 წლის 1 იანვარს შევიდა. კანონის აღსრულების მონიტორინგი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ ინვესტორთა საბჭოსთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

Businesspartner