ეკონომიკა
12/05/2022

სტაბილურიდან ნეგატიურისკენ - Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი გააუარესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს დაკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურიდან" "ნეგატიურისკენ" შეამცირა, სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კი "Ba2"-ზე შეინარჩუნა.

ავტორიტეტული სააგენტოს გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაზრდილ გეოპოლიტიკურ რისკებს უკავშირდება. 

Moody’s-ი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში ორი გაყინული კონფლიქტი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოწყვლადს ხდის. იქვე სააგენტო საქართველოს ეკონომიკის მოქნილობაზე მიათითებს. აღნიშნავს, ეკონომიკური და ფინანსური შოკების მიმართ ადეკვატურ ბუფერებზეც.

სააგენტო იმედოვნებს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა არ შეაფერხებს საქართველოს ხელისუფლების გრძელვადიანი ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგს.

ანალიზში ნათქვამია, რომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის "Ba2"-ზე შენარჩუნება ასახავს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოტენციალს, ძლიერ ინსტიტუტებს და თანმიმდევრულ ხელმისაწვდომობას შეღავათიანი დაფინანსების წყაროებზე. 
 

Moody's-ის პროგნოზით, წელს საქართველოში ეკონომიკა 3,8%-ით გაიზრდება (რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 7,3%-იან ზრდას ვარაუდობდა),  გრძელვადიან პერსპექტივაში კი სააგენტო 4-5%-მდე ზრდას ელის.