ეკონომიკა
08/07/2022

სოსო ფხაკაძე: მნიშვნელოვანი ზრდაა გაყიდვებში, კარგი მოლოდინები გვაქვს

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში მაკროეკონომიკური გარემო გაუმჯობესებულია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ზრდაა გაყიდვებში და ამ მიმართულებით კარგი მოლოდინები არსებობს. 

"როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ეს პრობლემა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან ნეგატიურად აისახებოდა. სადღაც ალბათ მართლებიც იყვნენ, მაგრამ, ჩვენ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი ნეგატიური სცენარი არ გვაქვს, როგორიც პროგნოზირებული იყო გარკვეული ადამიანების მიერ. საბოლოო შედეგია, რომ მაკროეკონომიკური გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ამას რამდენიმე ახსნა აქვს. პირველი, ეკონომიკის გახსნის შემდეგ აუცილებლად მოხდებოდა დადებითი ტენდენციები. მეორე, ძალიან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები ტრანსფერების გზით, გაზრდილია ექსპორტი. ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა და ცხოვრობს ათეულობით ათასი ახალი ადამიანი, რომელთა მსყიდველობითი უნარი საკმაოდ მაღალია. საბოლოო ჯამში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. გარკვეული ჩამორჩენით, მაგრამ ეს აისახა ბიზნესზე. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელსაც ყოველკვარტალურად ვაკეთებთ. არსებობს BAG ინდექსი. ჩვენი წევრების უმეტესობა ამბობს, რომ გაყიდვები გაიზარდა. ეს არის 1.5%-იანი ზრდა. ფინანსური და სხვა პარამეტრები გაუმჯობესებულია. ეს არის იმის საწინდარი, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს. კარგი მოლოდინები გვაქვს. ამ ყველაფერს ასევე ძალიან შეუწყო ხელი ლარის კურსის გამყარებამ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა იყო ყოველთვის", - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.