ეკონომიკა
26/02/2021

სოსო ბერიკაშვილი: იანვარში შეზღუდვები ძალიან მკაცრი იყო და 11,5%-იანი ვარდნა ამის ფასია

ეკონომისტების ნაწილი 2021 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას ელოდნენ. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი ვარაუდობს, რომ ეკონომიკა ზრდას მარტიდან დაიწყებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ბერიკაშვილი განმარტავს, ეკონომიკის ასეთი ვარდნა თებერვალში მოსალოდნელი აღარ არის.

“11.5% ცოტა უფრო მეტია, ვიდრე ველოდი, მაგრამ ორნიშნა კლება ნამდვილად მოსალოდნელი იყო. იანვარში შეზღუდვები ძალიან მკაცრი იყო და ეს ამ ყველაფრის შედეგი და ფასია. თებერვალში, სავარაუდოდ, ამხელა ვარდნა არ გვექნება. მათ შორის იმიტომ, რომ ნაწილობრივ გაიხსნა ეკონომიკა. ალბათ, მარტიდან დაიწყება ზრდა, რა თქმა უნდა, შარშანდელ პერიოდთან შედარებით. შარშანწინდელ ნიშნულზე დაბრუნება ჯერ არ ჩანს”,- აღნიშნა ბერიკაშვილმა.

ბერიკაშვილისთვის წარმოუდგენელია, რომ წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 4.3%-ს გაუთანაბრდეს.

„ამ პროგნოზს თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი. ეგ რომ მოხდეს, რაღაც პირობები უნდა შესრულდეს. მაგალითად, ტურიზმი უნდა გაიხსნას რეალურად, ზამთრის ტურიზმი ჩავარდა. ზაფხულში ტურიზმი რამდენი პროცენტით აღდგება ამაზეა დამოკიდებული. ჯერ-ჯერობით ამას კარგი პირი არ უჩანს. ვაქცინაციას ველოდით, თუმცა ჯერ ესეც არ გვაქვს. მით უმეტეს, იანვარში ამხელა ეკონომიკური ვარდნის პირობებში 4%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენელი მგონია“,- ამბობს ეკონომისტი.