ეკონომიკა
29/03/2021

სოსო ბერიკაშვილი: ეკონომიკური ზრდა ტურიზმის აღდგენაზეა დამოკიდებული

ბევრ სექტორში ვარდნა დრამატულია, - ასე აფასებს “კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ეკონომიკის ზრდას საქართველოში.

როგორც სოსო ბერიკაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო და ყველაზე მაღალი შემცირება სწორედ სასტუმროების და რესტორნების სფეროშია.

"ასევე ძალიან არის შემცირებული ტრანსპორტის სფეროც და ვაჭრობაც. არის დარგები, სადაც მცირედი ზრდაც კი შეინიშნება, მაგრმ საერთო ჯამში ვარდნა ძლიან დრამატულია. ის აღემატება გასული წლის განმავლობაში გაკეთებულ პროგნოზებს. სამწუხაროდ, ყველაზე პესიმისტური პროგნოზი გათამაშდა,“ - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.

2021 წლის პერსპექტივას მთლიან შიდა პროდუქტთან და ზოგადად, ეკონომიკის აღდგენასთან მიმართებით, ეკონომიკის სკოლის დეკანი ტურიზმის გაცოცხლებას უკავშირებს.

„ზრდა იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სიცოცხლიაუნარიანი იქნება ტურიზმის სექტორი. საუბრობენ 3-დან 4%-მდე ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, ეს ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზია, თუ ტურიზმი არ გაიხსნება მესამედით მაინც, შეიძლება 2%-საც ვერ მიაღწიოს ეკონომიკურმა ზრდამ,“ - აცხადებს ბერიკაშვილი.

საქასტატის მონაცემებით, 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 49,4 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 0.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6.2% შეადგინა.