შუშის ბაზრის წლიური მოცულობა ₾2 მილიონამდეა - კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგები
კონკურენციის სააგენტომ შუშის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა.
სააგენტოს ინფორმაციით, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგის დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტის წევრის მომართვა, რომელიც აპელირებდა იმ ფაქტზე, რომ ქვეყნიდან ყოველგვარი გადამუშავების გარეშე ხორციელდებოდა მინის ნარჩენების ექსპორტი და შესაბამისად, კონკრეტულ შუშის გადამამუშავებელი საწარმოს შეექმნა პრობლემები ნედლეულის დეფიციტის გამო.
„განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, ბაზარზე ახალი კომპანიის შესვლის პერიოდიდან (2020 წელი), გაიზარდა როგორც შეგროვებული შუშის ნარჩენების რაოდენობა, ასევე შიდა ბაზარზე რეალიზაციის და საექსპორტო ფასი.
დამატებით, მონიტორინგის ფარგლებში ეკონომიკურ აგენტებთან გამართული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს კონკურენციას ნარჩენების წარმომქმნელი პირების გადმობირების დონეზე. „-აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, შუშის ნარჩენების ბაზრის მოცულობა სააგენტოს მიერ შესწავლილ პერიოდში მცირეა, კერძოდ ქვეყანაში შეგროვებული შუშის ნარჩენების და მისი შიდა ბაზარზე რეალიზაციის, ასევე ექსპორტის ფასის გათვალისწინებით, ბაზრის წლიური მოცულობა არ აღემატება 2 მილიონ ლარს.
„სახელმწიფოს გააჩნია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია, რის შედეგადაც 2030 წლისათვის უნდა მოხდეს ქვეყანაში გენერირებული შუშის ნარჩენების 80%-ის რეციკლირება და შესაბამისად, სააგენტოს პოზიციით, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს აღნიშნული სამიზნე მაჩვენებელი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, განსაზღვრულ შუშის ნარჩენების შესაბამის ბაზარზე არ გამოიკვეთა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები. შესაბამისად არ არსებობს განგრძობადი დაკვირვების წარმოების მიზნით მონიტორინგის გაგრძელების საფუძველი.“-აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში.