ეკონომიკა
28/04/2022

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა და დატვირთვა - საქართველო-ყაზახეთი თანამშრომლობას აღრმავებენ

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა და დატვირთვა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც საქართველო და ყაზახეთი თანამშრომლობის გააქტიურებას გეგმავენ.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს კაირბეკ უკსენბაევს  შეხვდა. ყაზახეთის დელეგაცია საქართველოში მონაწილეობას მიიღებს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11-ე სხდომის მუშაობაში.

მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით. აღინიშნა, რომ შთამბეჭდავია ორმხრივი ვაჭრობის ზრდის დინამიკა საქართველოსა და ყახაზეთს შორის - მხოლოდ 2022 წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 150 პროცენტით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მინისტრებმა განაცხადეს, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია და მას აუცილებლად შემდგომი განვითარება ესაჭიროება.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებას. მათ შორის, ინფრასტრუქტურის განახლებას ჩვენი ქვეყნის პორტებში იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი ტვირთის გატარება შეძლოს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ყაზახეთი მნიშვნელოვნად დამაკავშირებელ როლს თამაშობს ევროპასა და აზიას შორის და მისი ტერიტორიის გავლით მილიონ კონტეინერზე ყოველწლიურად მეტი ტვირთის გადაზიდვა ხდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტვირთის დიდი ნაწილი საქართველოს მეშვეობით გადაადგილდეს ევროპაში, რაც დამატებითი შემოსავალია როგორც საქართველოში არსებული ლოგისტიკური კომპანიებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არამხოლოდ ორმხრივი, არამედ რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. „ვაგრძელებთ დეტალურ განხილვებს ჩვენს კოლეგებთან აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქეთში და გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ შუა დერეფანმა მაქსიმალური კონკურენტუნარიანობა შეიძინოს და ის მაქსიმალურად დაიტვირთოს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ხვალ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიაზე იმსჯელებენ, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი და მექანიზმია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. კომისიის სხდომაზე განხილული იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა და მათი განვითარების პერსპექტივები, თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროებში.