„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს"
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვას კიდევ ერთხელ ეხმიანება, კერძოდ, ასოციაციაში აცხადებენ, რომ: „საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შრომის კოდექსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მხარდაჭერა სულ მცირე ალოგიკურად გამოიყურება იმ ფონზე, როცა კონონპოექტის ინიციატორმა არ გაიზიარა არც თავად წამყვანი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენის დროს გამოთქმული შენიშვნები (რაც ასახულია კომიტეტის შესაბამის ოფიციალურ დასკვნაში) და არც სავალდებულო კომიტეტების (მათ შორის, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპასთან ინტეგრაციის) შენიშვნების დიდი ნაწილი“.
ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადების ტექსტში მაგალითად მოყვანილია ამონარიდი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნიდან, რომელიც ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტის სახით ხელფასის ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტის დადგენას უკავშირდება, კერძოდ, კომიტეტი აღნიშნავს: „კანონპროექტის განმარტებით ბარათში არაა დასაბუთებული, რომ ეს ნორმა არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას უმუშევრობისა და სიღარიბის დონეზე და დამსაქმებლები სამუშაო ძალაზე დანახარჯების ზრდის საკომპენსაციოდ არ შეამცირებენ კადრებს, ან არ შეუმცირებენ ხელფასს დასაქმებულებს. მიზანშეწონილია დარჩეს მოქმედი რედაქცია, ვიდრე არ მოხდება ამ ნორმის ზეგავლენის შეფასება დამსაქმებლებზე, დასაქმებულებზე, ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის დონეზე, იმისათვის, რომ კანონის მოქმედებამ არ გამოიწვიოს ზემოაღნიშნული უარყოფითი შედეგები“. ამასთან, რაც შეეხება სავალდებულო კომიტეტებს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ცალსახად გაიზიარეს კანონპროექტის ოპონენტების მოასაზრებები და მხარი დაუჭირეს 27-ე მუხლის იმგვარ ფორმულირებას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას (ევროპული დირექტივა, სოციალური ქარტია) და გულისხმობს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრას.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულად იზიარებს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას საპარლამენტო კომიტეტების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე დაფუძნებით ასოციაციას მიაჩნია, რომ უნდა შესრულდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის დადგენილება, რომლის შესაბამისადაც საქართველოს შრომის კოდექსთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება სავალდებულოდ უნდა გადიოდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას საქართველოს მთავრობის ამავე დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
ამიტომაც, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოდის ინიციატივით, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შეირჩეს ის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც შეაფასებს შრომის კანონდებლობით გათვალისწინებული ახალი რეგულაციების ზეგავლენას საქართველოს ეკონომიკაზე, ბიზნეს ოპერატორებზე, დასაქმებულებზე და საბოლოო გადაწყვეტილება არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევის შედეგებს უნდა ეფუძნებოდეს“ - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.