ეკონომიკა
14/12/2020

შენარჩუნებული გვაქვს სანდო სახელმწიფოს იმიჯი -ვახტანგ ჭარაია

„ჩვენ გვაქვს შენარჩუნებული სანდო სახელმწიფოს იმიჯი, რომელიც პანდემიასაც ღირსეულად გაუმკლავდა და არაფრით არ ჩამორჩა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს. პოზიტიურია 2021 წლის პერსპექტივებიც, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, რაც ერთი-ორად უფრო მეტი ოპტიმიზმით განგვაწყობს,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ თავის პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში FACEBOOK გამოაქვეყნა.

პოსტში ექსპერტი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას პრეზენტაციას 2020 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის ანგარიშის ფარგლებში გაიმართა.

ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რამდენიმე ახალ პროგრამაზე, რომელიც ბიზნესის მხარდასაჭერად ხორციელდება.

„მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა, ეკონომიკის სამინისტროს ახალ რამდენიმე პროგრამას, რომელიც ბიზნესის არამხოლოდ რთულ პერიოდში სუბსიდირებისთვის იყო განკუთვნილი (რაც ცალსახად მნიშვნელოვანია). არამედ რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია - სიცოცხლისუნარიან ბიზნესებს შეუწყობს ხელს. ამ კუთხით უდავო ლიდერად "საკრედიტო საგარანტიო სქემა" შეიძლება დავასახელოთ, რომელიც ბიზნესის დასაწყებად საჭირო ფინანსური რესურსის 90%-ში შემოდის და პრაქტიკულად ნებისმიერ პრაგმატულ ბიზნესს უხსნის აქამდე არნახულ შესაძლებელობას,“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ. მისი თქმით, ამ სქემით 121-მა ბიზნესმა უკვე ისარგებლა პანდემიური სირთულეების გათვალისწინებით. „დარწმუნებული ვარ რომ მომდევნო წელს ბენეფიციართა და შესაბამისად ახალი ბიზნესების რაოდენობა და მათ მიერ მიღებული გარანტია რამდენიმეჯერ გადააჭარბებს 2020-ის შედეგს,“ - განაცხადა მან.

„გამოყოფას იმსახურებს IT სექტორში ორი სოლიდური მოთამაშის EPAM-ის და EXADEL-ის შემოსვლაც, რომელთაც ათასობით ახალი მაღალანაზღაურებადი სამსახურების შექმნა ძალუძთ. ამ კომპანიებს უდიდესი შესაძლებლობა აქვთ, როგორც პანდემიურ, ასევე ექნებათ პოსტპანდემიურ პერიოდშიც. 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება ენერგეტიკული სტაბილურობის შენარჩუნებაც. რა კუთხითაც მხოლოდ წელს 900 მეგავატამდე სიმძლავრის სადგურები შევიდა ძალაში და კონტრაქტები დაიდო ათეულობით ახალი ჰესების მშენებლობაზე,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, „ჩვენ გაგვაჩნია კიდევ უფრო მეტი წარმატების პოტენციალი და ამისთვის მომდევნო წლებში ერის ერთ მუშტად შეკვრაა აუცილებელი. ბიზნესიც, მოსახლეობაც და მთავრობაც ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ და ავითარებდნენ, რაც ერთიანობის გარეშე შეუძლებელია,“ - განაცხადა ექსპერტმა.