ეკონომიკა
08/10/2020

"შეღავათების შეთავაზებით საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტიციების მოზიდვას შევძლებთ"

სანაოსნო და IT კომპანიებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებასა და შეღავათებით სარგებლობაზე მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებას ეკონომიკის მინისტრი მნიშვნელოვანს უწოდებს.

"შევარჩიეთ ორი დარგი, სადაც ყველაზე მეტია დღესდღეობით შესაძლებლობა, რომ ასეთი საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მოვიზიდოთ მაქსიმალურად საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები - მათ შორის არის სანაოსნო სფერო, გემთმშენებლობა, გემით სარგებლობა და მასთან დაკავშირებული სერვისები“, - აღნიშნა მათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა და მნიშვნელოვანი დამსაქმებელი. მისი თქმით, ქართველი მეზღვაურები მსოფლიოში არიან ცნობილი, როგორც ძალიან კვალიფიციური პროფესიონალები. ამასთან, მთავრობა საქართველოს საკუთარი ფლოტის აღდგენის საკითხზე მუშაობს.

„ახლა გვინდა, საქართველოში შევქმნათ წინაპირობა, რომ ჩვენი საკუთარი ფლოტი აღდგეს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების მაგალითები, როგორიცაა მალტა, კვიპროსი, სხვა შედარებით მცირე სახელმწიფოები, რომლებიც დღესდღეობით ლიდერებად მიიჩნევიან სანაოსნო დარგში მსოფლიოში და საქართველოსაც აქვს ეს პოტენციალი“, - განაცხადა განვითარების მინისტრმა.

Businesspartner