ეკონომიკა
15/02/2023

სემეკში წარსადგენი განცხადებისა და საჩივრის ჩაბარება იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი

კომუნალური მომსახურების სფეროში მიმართვიანობის გამარტივების მიზნით  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სახლი სემეკს გაუწევს მომსახურებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის მიერ სემეკის სახელზე წარდგენილი ნებისმიერი შინაარსის განცხადების, მათ შორის კომუნალური კომპანიების მიმართ საჩივრის მიღებას. იუსტიციის სახლში ასევე შესაძლებელი იქნება სემეკის მიერ მომზადებული წერილის მიღება.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისათვის სემეკთან და კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„სემეკი ორიენტირებულია, რომ ეტაპობრივად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში. სემეკსა და იუსტიციის სახლის ერთობლივი ძალისხმევით დღემდე არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელმაც უფრო მეტად გაამარტივა კომუნალური მომსახურებების მიღება. ამჯერად, იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ სერვისებს ახალი მომსახურება დაემატა, კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, სემეკში წარსადგენი განცხადებისა თუ საჩივრის ჩაბარება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლში. რა თქმა უნდა, ამავდროულად, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უშუალოდ სემეკსაც მომართოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.