სექტემბერში ექსპორტი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს
სექტემბერში ექსპორტის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, თუმცა იანვარ-სექტემბრის მონაცემები კვლავინდებურად მინუსებშია.
სექტემბერში ექსპორტმა 27%-იანი ზრდა აჩვენა და 246 მლნ დოლარს მიაღწია, ეს 2018 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-სექტემბერს საქართველოდან ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2,403 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.6%-ს შეადგენს. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა და 1,72 მლრდ დოლარს გაუტოლდა.
2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (343.4 მლნ დოლარი), რუსეთი (280.1 მლნ დოლარი) და ბულგარეთი (228.3 მლნ დოლარი).
2020 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 541.7 მლნ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 179.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.4%), მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 142.7 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%).