ეკონომიკა
10/11/2021

სებ-ის პროგნოზით, ინფლაცია მარტიდან შემცირდება

მარტიდან ინფლაცია შემცირდება, თუმცა არა ისეთი ტემპით როგორც ადრე ვვარაუდობდით - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს.

მისი თქმით, ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ეს არის გლობალური პრობლემა, რაც პანდემიამ გამოიწვია.

ინფლაციის მიზეზებად კობა გვენეტაძე გაზრდილ საერთაშორისო ფასებს ასახელებს ნავთობსა და საკვებ პროდუქტებზე. თუმცა, მისივე თქმით, გარკვეულ ეტაპსა და გარკვეულ დონეზე ეს ფასები გაჩერდება.

“ვფიქრობთ, ეს ფაქტორები მიილევა, და წლიურ ჭრილში 12 თვის მერე უკვე უნდა შევამჩნიოთ ეს სხვაობა. სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მარტიდან უკვე შემცირდება წლიური ინფლაცია. ეს ალბათ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ვვარაუდობდით. ადრე ვფიქრობდით რომ მარტში 6%-მდე შემცირდებოდა წლიური ინფლაცია, თუმცა, ამ პროგნოზის გაკეთების შემდეგ ფასებმა ზრდა განაგრძო საკმაოდ მაღალი ტემპით, მათ შორის ხორბლის ფასებიც იზრდება. ამიტომ ვფიქრობთ, ეს შემცირება არ იქნება ისეთი, როგორც ადრე ვვარაუდობდით,”- აცხადებს კობა გვენეტაძე.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო მაღალი ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს, ამისთვის სებ-ს საკმაოდ გამკაცრებული აქვს მონეტარული პოლიტიკა და თუ სებ-მა მიიჩნია რომ საჭიროა ახალი ზომების მიღება, ამ ზომებს მიიღებს. მათ შორის ეს შესაძლოა იყოს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და წლიურმა მაჩვენებელმა 12.8%-ს მიაღწია. ეს მნიშვნელოვნად აღემატება, სებ-ის მიზნობრივ ნიშნულს, რომელიც 3%-ით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალი 2021 წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს ელის, მათი პროგნოზით, დეკემბერში ფასების დაახლოებით 14.5%-იანი მატებაა მოსალოდნელი. ამავდროულად თიბისი კაპიტალის 2022 წლის საბაზო სცენარი კვლავ სამიზნესთან ახლო ინფლაციას ითვალისწინებს.

Businesspartner