ეკონომიკა
04/08/2021

სებ: ინფლაცია 2021 წელს საშუალოდ 9%-ზე მაღალი იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკი წელს საშუალოდ ინფლაციის 9%-ზე მაღალ ნიშნულს ელოდება.

როგორც კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა და საქართველოშიც ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11.9% შეადგინა.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის განმსაზღვრელი ფაქტორები, ძირითადად, ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია. იქვე გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მთავარი მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასებია. ასევე მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას.

"ივლისის მონაცემებით იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.4%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდას (7.2%). ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე რიგი კვების პროდუქტების ფასების გარკვეული შემცირება შეინიშნება და აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზეც პოზიტიურად უნდა აისახოს.

ადგილობრივი ერთჯერადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია კომუნალური გადასახადები, რამაც წლიურ ინფლაციაში 1.7%-ული პუნქტის წვლილი შეიტანა. ზემოაღნიშნულ დროებით ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შიდა მოთხოვნაც - ეკონომიკურმა ზრდამ წლის პირველ ნახევარში 12.7% შეადგინა, ხოლო 2021 წლის ზრდის პროგნოზმა 8.5%-მდე მოიმატა. ამასთან, ფისკალური სტიმულის მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, დაკრედიტების არსებული ტემპი სასურველზე მაღალია. განახლებული მონაცემებით, ინფლაციის მოკლევადიანი პროგნოზი წინა პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია და, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 9%-ზე მაღალი იქნება", - განმარტა კობა გვენეტაძემ.

ამავდროულად სებ-ი პროგნოზირებს, რომ ინფლაცია შემცირებას 2022 წელს დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.