ეკონომიკა
28/10/2020

სებ: ინფლაცია 2021 წელს მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივთან ახლოს იქნება.

ბანკი აცხადებს, რომ ბოლო თვეებში ინფლაციის დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება.

"წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8% შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იქნება. ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განაპირობებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გავლენა მომავალ პერიოდებშიც შენარჩუნდება", აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

ცენტრალური ბანკი საგარეო მოთხოვნის კლებაზე აცხადებს. კორონავირუსის გააქტიურებისა და პანდემიის გახანგრძლივების მოლოდინების ფონზე, 2021 წელს, წინა პროგნოზებთან შედარებით, გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენა უფრო ნელი ტემპით არის მოსალოდნელი, რაც საგარეო მოთხოვნაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. 

"წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აგვისტოში წლიურად 5.3%-ით შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ძირითადად, წინა თვეებთან შედარებით, ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება განაპირობებს, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება. საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში წლიურად 95%-ით შემცირდა. ამავე დროს საქონლის ექსპორტზე მოთხოვნამ გაუმჯობესება განაგრძო და, იანვრის შემდეგ პირველად, სექტემბერში წლიურად 8.6%-ით გაიზარდა. გრძელდება ფულადი გზავნილების მაღალი ზრდაც. შედარებით გაუმჯობესებული ადგილობრივი მოთხოვნის ფონზე, საქონლის იმპორტი სექტემბერში წლიურად 9%-ით შემცირდა, რაც წინა თვეებთან შედარებით უფრო ნაკლები მაჩვენებელია", - განმარტავენ სებ-ში.

 

 

Businesspartner