სებ-ი წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ელის
ეროვნული ბანკი წელს ქვეყანაში ეკონომიკის 5%-იან ზრდას ელის, პროგნოზი საბაზისო სცენარს ეფუძნება.
კობა გვენეტაძის უწყებაში 2021 წლის შედეგებსაც აფასებენ და განმარტავენ, რომ ეკონომიკური აქტივობა მაღალი საკრედიტო აქტივობის შენარჩუნებისა და ფისკალური სტიმულის შედეგია.
"წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10.6%-ით გაიზარდა. 2021 წლის ეკონომიკური აქტივობის დონე პანდემიის შეზღუდვების პერიოდში გადავადებული მოთხოვნის რეალიზების, მაღალი საკრედიტო აქტივობის შენარჩუნებისა და ფისკალური სტიმულის შედეგია", - განმარტავენ სებ-ში.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკზე უფრო ოპტიმისტურია მსოფლიო ბანკის მოლოდინი, რომელიც წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას ელის. კიდევ უფრო ოპტიმისტური კი ქვეყნის მთავრობაა, რომელმაც 2022 წლის ბიუჯეტში 6%-იანი ზრდა გაითვალისწინა.