სებ-ი პოლიტიკის გამკაცრებაზე: საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე 4-6 კვარტალში აისახება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგს ეროვნული ბანკი 4-6 კვარტალში, ანუ მომავალი წლისთვის ელოდება.
მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში მთავარი ბანკი განმარტავს, რომ მონეტარული პოლიტიკის 10%-მდე გამკაცრების მიზანი ისაა რომ წელს დროებითი ფაქტორებით გამოწვეული მაღალი ინფლაცია არ გადაიზარდოს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებში.
"ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ეკონომიკას ეტაპობრივად გადაეცემა და სრულად დაახლოებით 4-6 კვარტალში აისახება. თუ კვლავ გამოიკვეთა ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები, მაგალითად, როგორიცაა ძლიერი შიდა მოთხოვნა (რაც, თავის მხრივ, ფისკალურ დეფიციტსა და საკრედიტო აქტივობაზეა დამოკიდებული), მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება შეიძლება, გახდეს საჭირო.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ლარის მსყიდველობითი უნარის დასაცავად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება", - ნათქვამია ანგარიშში.