ეკონომიკა
21/12/2022

სებ-ი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებას 2023 წლის მეორე ნახევარში ელის

მიუხედავად იმისა რომ ეროვნული ბანკი გლობალურ ბაზარზე გარკვეულ რისკებს ხედავს და მიგრაციული ნაკადები ინფლაციის შემცირებას ხელს უშლის, მაინც ვარაუდობს, რომ  ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.

"არსებული რისკების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მათ შორის ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება განაგრძო. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება. ამასთან, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარულ პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრების ტენდენცია საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე პოლიტიკის გამკაცრების ეფექტს დამატებით აძლიერებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე დაანონსებული კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ზრდა საკრედიტო აქტივობაზე ასევე გამკაცრების მიმართულებით იმოქმედებს. ამავე დროს, მცირდება ფისკალური დეფიციტი. ამ ფაქტორების ერთობლიობა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს, რაც ინფლაციის შემცირებას უნდა დაეხმაროს. მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება", - განმარტავენ სებ-ში.

ბოლო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელმა მცირედ უკან სვლა დაიწყო, თუმცა კვლავ ორნიშნა რჩება და ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა, რაც თითქმის 3.5-ჯერ აღემატება მიზნობრივ 3%-ს.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე შეინარჩუნა, უკვე მერვედ.