სებ-ი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3-4%-მდე ამცირებს
ეროვნული ბანკი 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5%-დან 3-4%-მდე ამცირებს.
საფინანსო მარეგულირებლის პრეზიდენტის განმარტებით, რომ მაღალი ინფლაცია და ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შემცირება ნაწილობრივ რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება.
"მოსალოდნელია, რომ საკრედიტო აქტივობა, მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომებისა, წლის განმავლობაში ზომიერად მაღალი იქნება. რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10.4 პროცენტით გაიზარდა. წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5 პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება. ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნიდან ინფლაციური ზეწოლა მცირე იქნება და წლის განმავლობაში დომინანტი კვლავ მიწოდების ფაქტორები დარჩება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.