ეკონომიკა
08/12/2021

სებ-ი: 2022 წელს ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენასთან ერთად რეალური მშპ 5%-ით გაიზრდება

სებ-ი 2021 წელს რეალური მშპ-ს 10%-იან ზრდას ელის. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნა იქნება.

"ერთის მხრივ, მაღალ შიდა მოთხოვნას ფისკალური სტიმული და საკრედიტო აქტივობა განაპირობებს, ხოლო, მეორეს მხრივ, ის პანდემიის გამო ეკონომიკის ჩაკეტვისას დაგროვებული და გადავადებული მოხმარების ასახვაცაა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 

მისი თქმით, 2022 წელს ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენასთან ერთად, რეალური მშპ 5%-ით გაიზრდება. 

"აქვე აღსანიშნავია, რომ შედარებით მძლავრი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ეკონომიკის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა პრაქტიკულად აღმოიფხვრა და წინა პერიოდებისგან განსხვავებით, როდესაც შიდა აქტივობა ჯერ კიდევ სუსტი იყო, მზარდი შიდა მოთხოვნა ფასების ზრდას ვეღარ გაანეიტრალებს. დამატებითი ინფლაციური ზეწოლის აღმოსაფხვრელად მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ დონეზე ვინარჩუნებთ. ამასთან, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შეიძლება, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო. დღევანდელი გადმოსახედიდან, მიმდინარე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ფასებზე მოქმედი დროებითი შოკების მილევის კვალდაკვალ, მომავალ წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად მხოლოდ ინფლაციის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ შევამცირებთ", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.