ეკონომიკა
03/02/2021

სებ: 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. 

სებ-ში განმარტავენ, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე ინფლაციის შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება და დროებითი ხასიათისაა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველ თვეში წლიურმა ინფლაციამ 2.8% შეადგინა.

"როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე არ რეაგირებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. წინა პროგნოზთან შედარებით, ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება, რომელიც განსაკუთრებით იანვარში გამოიკვეთა. ამასთან, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა ნარჩუნდება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გახანგრძლივების ფონზე წარმოების ხარჯების ზრდისა და გაუფასურებული კურსის გამო. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, იმპორტირებულ ინფლაციასა და შუალედურ ხარჯებს ზრდის.

მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ, მიუხედავად შედარებით ძლიერი შიდა მოთხოვნისა, ერთობლივი მოთხოვნა, საგარეო მოთხოვნის მკვეთრი კლების გამო, კვლავ შემცირებულია. თუმცა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ასუსტებს ერთობლივი მოთხოვნის დაღმავალ გავლენას პროგნოზირებულ ინფლაციაზე, ხოლო ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო, გაცვლითი კურსის ცვლილების გადაცემა ინფლაციაზე საგრძნობია", - ნათქვამია სებ-ის გავრცელებულ რელიზში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი ისევ უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. შემდგომი სხდომა 17 მარტს ჩატარდება.