"საუკეთესო პირობები რომ შევთავაზოთ ინვესტორს, თუ პოლიტიკური სტაბილურობა არ იქნება, კაპიტალს არ ჩადებს"
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თუ სიტუაცია მალე არ შეიცვალა და არ დასტაბილურდა, ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვა დიდხანს გაუჭირდება.
„რაც არ უნდა დაბალი გადასახადები, კონსტიტუციაში თავისუფლების ქარტიის ჩანაწერი და რაც არ უნდა მომხიბვლელი პირობები შევთავზოთ და ჩამოვიყვანოთ ინვესტორები, ყველაფერი იქნება წყალში ჩაყრილი, თუ პოლიტიკური სტაბილურობა არ იქნება შენარჩუნებული,“ - აცხადებს მარიამ ქუჩულორია.
მისი ინფორმაციით, ამას ამძაფრებს სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული ვითარება. რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოქცეული ვართ ერთ სივრცეში, რაც საფრთხის შემცველია ინვესტიციების მოზიდვისთვის, რომელიც თუ არ შემოვიდა, დამღუპველი იქნება.
„ბიზნესის კეთების საუკეთესო პირობები რომ შევთავაზოთ ინვესტორს, მისთვის მთავარი მაინც პოლიტიკური სტაბილურობაა არამხოლოდ საქართელოში, არამედ რეგიონში, რადგან საქართელო პატარა ბაზარია და დიდი ინვესტიციისთვის ის რეგიონალურ ჭრილში განიხილება. ამას ემატება პანდემია. ჩვენ კი ევროპისგან განსხვავებით ლოქდაუნის ფუფუნებაც არ გვაქვს. სახელმწიფოს ამის რესურსიც კი აღარ დარჩა,“ - აცხადებს ქუჩულორია.
მისი ინფორმაციით, ეკონომიკურ რეფორმებზე იმდენი საქმეა გასაკეთებელი, რომელიც პარლამენტიდან უნდა დაიწყოს, რომ დროა პროცესები კაბინეტში გადავიდეს.
„იმდენი პროცესია ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით გაჩერებული, რომ ამაზე მუშაობა თუ ძალიან სწრაფად გააქტიურდა, გადაწყობა არ მოხდა კოვიდის შემდეგ პერიოდზე, არაფერი გამოვა. მომზადებულია ანტიკრიზისული გეგმა და ამაში ჩართული იყო ამერიკის მთავრობაც. გვაქვს გარკვეული მონახაზი და ამაზე მუშაობა ბიზნეს ასოციაციებს საკანონმდებლო ორგანოსთან კოორდინაციით უნდა გაგვეგრძელებინა. ახლა ეს პროცესიც გაჩერებულია. პრემიერთან ერთად საუბარი გვქონდა ერთობლივ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანდა. იმხელა კრიზისიდან ვართ გამოსასვლელი პარლამენტის მუშაობის დაწყება მნიშვნელოვანია. ახლა სასწრაფოდ პროცესი სამუშაო ფორმატში უნდა გადავიდეს, ახლა გაჩერების დრო არ არის,“ - აცხადებს ქუჩულორია.
შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა. ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ. აქცია და პროტესტი დღეს, 18:00 საათზე კვლავ არის დაგეგმილი.