საუდის არაბეთთან სავაჭრო ბრუნვა გასამმაგდა
ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და საუდის არაბეთის ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირმა შეხვედრაზე.
ეკონომიკის სამინისტრის ცნობით, 2020 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს გასამმაგდა, ექსპორტი კი 9-ჯერ (818%-ით) გაიზარდა.
რაც შეეხება თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში, 2009 – 2019 წლებში საუდის არაბეთიდან ინვესტიციებმა 100 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა, 2020 წლის პირველი კვარტალში ინვესტიციების ოდენობა საუდის არაბეთიდან 25-ჯერ გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების პროექტის ტექსტზე ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.
საქართველო დაინტერესებულია, რომ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან გაფორმდეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ითქვა, რომ მიუხედავად საქართველოსა და არაბული ქვეყნების თანამშრომლობის წევრ ქვეყნებს შორის ბოლო წლებში მზარდი ვაჭრობისა, არსებული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული და ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით არსებობს მეტი შესაძლებლობები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ინტერესი არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან მოლაპარაკების პროცესის გააქტიურების შესახებ.
მხარეებმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტზე მომავალი არჩევნებზეც იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ პანდემიამდე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ზრდადი დინამიკით ხასიათდებოდა თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით. 2019 წელს საუდის არაბეთი საქართველოში შემოსული ვიზიტორების მიხედვით ტოპ-15 ქვეყნიდან მე-12 ადგილზე იყო.