სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ₾2.5 მლნ-ის გირაო შეუფარდა
დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა. პროკურატურა გირაოს სახით სამი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა.
სასამართლოს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
1tv.ge