ეკონომიკა
02/06/2023

საპენსიო სქემის მონაწილეებს პორტფელის რისკიანობის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ

აგვისტოდან საპენსიო სქემაში ჩართული პირებისთვის ახალი ეტაპი იწყება - ირთვება საშუალო და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ არჩევანი გააკეთონ, თუ რომელ საინვესტიციო პორტფელში დააბანდონ საკუთარი დანაზოგი.

სააგენტოს ამოქმედებიდან - 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე უფლება ჰქონდა მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში განეხორციელებინა ინვესტირება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განუცხადა, აგვისტოდან სქემის მონაწილეს უნდა შეეძლოს საინვეტიციო პორტფელების სრული კომბინაცია გააკეთოს, ან საკუთარი გადაწყვეტილებით რომელიმე პორტფელში დარჩეს.

„6 აგვისტოს იქნება ის მნიშვნელოვანი დედლაინი, როდესაც ჩვენ დავამატებთ ორ ახალ საინვესტიციო პორტფელს. რა თქმა უნდა, მონაწილეებთან მოხდება აქტიური კომუნიკაცია. მათ ექნებათ სრული ინფორმაცია, რომელი საინვეტიციო პორტფელი თავის შინაარსში რას მოიცავს, რა სავარუდო რისკები ახლავს და პერსპექტიული მოგება როგორია თითოეული მათგანის. მონაწილეს ექნება არჩევანის თავისუფლება, თუ რომელ საინვესტიციო ფონდში განათავსოს თავისი დანაზოგი. შეიძლება ეს იყოს ერთი, ან სამის კომბინაცია“ - აცხადებს გოგა მელიქიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

თუკი სქემის მონაწილე თავად არ გააკეთებს არჩევანს, ის ავტომატურად მოხვდება სხვადასხვა ჯგუფში ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით - 40 წლამდე საპენსიო სქემის მონაწილე მაღალრიკიან პორტფელში გადაინაცვლებს, 50 წლამდე მონაწილე - საშუალოვადიან რისკში, ხოლო 50 წლის ზემოთ მონაწილე დაბალრისკიან პორტფელში დარჩება.

როგორც სააგენტო განმარტავს, იმ პირებს, რომელთაც საპენსიო ასაკამდე დიდი პერიოდი აქვთ დარჩენილი, შეუძლიათ უფრო მაღალი რიკი აიღონ, მეტ ვოლატოლობაში შევიდნენ და მეტი სარგებელიც მიიღონ.

მონაწილეების გადანაწილება 6 აგვისტოს დაიწყება. შემდეგ მათ ექნებათ ერთთვიანი პერიოდი, როდესაც სურვილისამებრ, ყველა მონაწილეს ასაკის მიუხედავად, შეეძლება თავად აირჩიოს პორტფელის რისკიანობა. რისკის შეცვლის შესაძლებლობა მათ 12 თვეში ერთხელ მიეცემათ.

სქემის მონაწილეს პორტფელის შეცვლის შესაძლებლობა სამი გზით ექნება. მან უნდა მიმართოს საპენსიო სააგენტოს, ესტუმროს იუსტიციის რომელიმე სახლს, ან ონლაინ, ვებ-გვრედზე გვერდზე, აიდი ბარათითა და ინდივიდუალური ხელმოწერით დააფიქსიროს ცვლილება. 

Businesspartner