ეკონომიკა
28/07/2023
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ინფორმაციით, აეროდრომის დაცვის არეებში ფრენების უსაფრთხოების არსებული სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესების და საავიაციო დაბრკოლებათა კონტროლის მექანიზმის სრულყოფის მიზნით, შეიცვალა სამოქალაქო აეროდრომების დაცვის არეებში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლეების შეთანხმების მოდელი.
კერძოდ, საქართველოს საჰაერო კოდექსში 2023 წლის ივნისში შესული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეებში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლეების შეთანხმების უფლებამოსილება მიენიჭა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.
"აქამდე, აეროდრომის რაიონში მდებარე საპროექტო ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარებისთვის საჭირო იყო შესაბამისი აეროდრომის ექსპლუატანტის (აეროპორტის ოპერატორი კომპანიის) თანხმობა.
აეროდრომის რაიონში ობიექტების (შენობა-ნაგებობების) დასაშვები სიმაღლეების გაანგარიშება ხდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის N111 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის (Aerodromes) მე-4 თავის მოთხოვნების მიხედვით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდის ახალ განყოფილებაში - https://gcaa.ge/aerodrome-safeguarding/ , დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფორმაცია აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეებში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლეების განსაზღვრისა და შეთანხმების პროცესთან დაკავშირებით.
აეროდრომის დაცვის არის განყოფილებაში იხილავთ: ობიექტის დასაშვები სიმაღლის შესათანხმებლად სააგენტოში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული აეროდრომების დაცვის არეებს, შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტებს და სხვა საჭირო ინფორმაციას,"-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.