სალომე ზურაბიშვილი: გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს "ფრენების საჩუქარი"
გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“, ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება, – ამის შესახებ აქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ ურთიერთგაგება და პატივისცემა შეცვალა, რაც სახელმწიფოს ასუსტებს.
„ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით. ჩვენმა წინაპრებმა, დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, თუმცა ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასოდეს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით, ცოტამ თუ იცის დაცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება (რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს) ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები, რომ იყოს, რასაც ვგულისხმობ, გავიხსენოთ „იმედზე“ გასული ომის მოდელირებული ქრონიკა. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?
და ახლა ამ ტრიბუნიდან მინდა, მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, „ქართველობის წართმევას“, გარყვნილობას და მაინც, საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ ურთიერთგაგება და პატივისცემა შეცვალა. ეს სახელმწიფოს ასუსტებს. ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს: „ციხე როს შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია“. სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე. ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1tv.ge