ეკონომიკა
29/08/2023

"საქსტატმა" რეგისტრატორის 900 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) სექტემბრის ბოლოდან თბილისის მასშტაბით იწყებს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას.
 
მოსამზადებელი სამუშაო გულისხმობს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენას.
 
მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად საქსტატმა რეგისტრატორის ვაკანტურ პოზიციებზე  (900 ვაკანტური  ადგილი) საბუთების მიღება გამოაცხადა. სამუშაოს შესრულების პერიოდი არის 2 კვირა. რეგისტრატორის ხელფასი შეადგენს დარიცხულ 500 ლარს.
 
მსურველს განაცხადი შეუძლია გამოგზავნოს მოცემულ ბმულზე
 
"საქსტატის" ინფორმაციით, განაცხადის მიღება ასევე შესაძლებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ცოტნე დადიანის #30) ან თბილისის სტატისტიკის ბიუროში (საბურთალოს რაიონი, ჯურხა ნადირაძის N46) ადგილზე განაცხადის შევსების შემთხვევაში მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობის ასლი.
 
 შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდება. აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ასევე დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.
 
მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.
Businesspartner