საქსტატი: იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 18.9%-ით გაიზარდა
2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8,362 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9 პროცენტით მეტია,- ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
აქედან ექსპორტი 2,503 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 18.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5,859 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 19.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-მაისში, 3,356 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.
უწყების ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (360 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (336.5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (281.3 მლნ აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1,022 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (778.6 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (589.7 მლნ აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 795.0 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 31.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 315.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 103.5 მლნ აშშ დოლარით (4.1 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილიიყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1,015 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 399.9 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვააირისებრი ნახშირწყალბადები 264.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.5 პროცენტი).