საქსტატი: ეკონომიკა 2021 წელს 10.4%-ით გაიზარდა
საქართველომ 2021 წელი პანდემიურ 2020 წელთან შედარებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა, თუმცა 2019 წელთან შედარებით ზრდა კვლავ ერთნიშნაა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შდარებით კი ზრდა 3.6%-ს არ აღემატება.
2021 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 60.231 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 10.8%-ით განისაზღვრა.
მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (16.6%) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.7%), შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2%), მშენებლობა (8%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.8%).
ზრდაა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (19.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (27.6%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (43.1%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (28.7%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (23.5%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.2%), დამამუშავებელი მრეწველობა (9%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (29.8%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (33.5%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (23.9%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (13.5%).
კლებაა დარგებში: მშენებლობა (-21.8%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-1.4%), განათლება (-2.3%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-0.9%).