ეკონომიკა
25/12/2020

საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის მოცულობა 1,05 მლრდ ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში 50 მლნ ლარი დაემატება. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი 1,1 მლრდ ლარზე მეტი იქნება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დეპუტატებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა და საფინანსო დოკუმენტის ძირითად პარამეტრებზე დეტალურად ისაუბრა.

მისი თქმით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

მისი თქმით, 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. მათ შორის, საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით, 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარი გამოიყოფა. მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე, ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.

2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.