სახელმწიფომ ბაკურიანში ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 300 მლნ დახარჯა
2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულებულია.
სამუშაოების ფარგლებში ბაკურიანში ტბის სახით წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი, 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, ახალი საბაგირო და 6 საშეჯიბრო-სათხილამურო ტრასა გაკეთდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ბაკურიანს დარჩება, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ კურორტმა სეზონი ადრე დაიწყოს და გვიან დაასრულოს.
"ეს მოგვცემს ზამთრის სათხილამურო სეზონის გახანგრძლივების საშუალებას. შედეგად კი მივიღებთ მეტ შიდა და საერთაშორისო მოგზაურს. კურორტზე გაიზრდება ტურისტების გამტარუნარიანობა და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებზე. 2023 წლიდან ბაკურიანი შეძლებს, რომ უმასპინძლოს ბევრად უფრო მეტ ვიზიტორს, რასაც დადებითი ეფექტი ექნება ეკონომიკაზე. ჩვენ ვუმასპინძლებთ მედიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აშუქებს და ფარავს ზამთრის სპორტს. ფაქტობრივად, 2 კვირის განმავლობაში ბაკურიანი იქნება საერთაშორისო სპორტული მედიის ეპიცენტრში ეს კი ჩვენს ცნობადობას აამაღლებს",- განმარტა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებისთვის სახელმწიფომ 300 მილიონიანი ინვესტიცია გაიღო.
"ამ პროექტის ფარგლებში ორი ეკონომიკური ეფექტია. პირველი, ეს არის კურორტის მდგრადობა და მისი გამტარუნარიანობის გაზრდა. მეორე, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მსოფლიო დონის მედია საშუალებები ჩამოდიან და გააშუქებენ ბაკურიანს, ეს კი იმ მარკეტინგული დანახარჯების ექვივალენტია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღარ გასწევს",- აღნიშნა მან.