"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" ახალი კანონმდებლობის ამოქმედებისთვის, დიფერენცირებული ვადები დაწესდა
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი 2025 წლის 1 იანვრიდან დაარეგულირებს. რეფორმა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემას ევროკავშირის მოთხოვნებთან აახლოვებს. ასევე, აწესებს ახალ პროცედურებს გამარტივებული შესყიდვების მიმართულებით.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნანობაშვილმა ბიზნესპარტნიორის პოდკასტში, „გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში“ განაცხადა, კანონის ამოქმედებისთვის დიფერენცირებული ვადები დაწესდება.
მისივე განმარტებით, ამავე კანონის გარდამავალი დებულებებიდან გამომდინარე, დაახლოებით 20-ზე მეტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების გამოცემაა საჭირო, რაც კანონის მყისიერად ამოქმედებას აფერხებს. აღნიშნული დღის წესრიგში ნორმატიული ბაზის შექმნის საკითხს აყენებს. ასევე, შესამუშავებელია საქართველოს მთავრობის დადგენილების 10-ზე მეტი პროექტი.
ნანობაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, იხვეწება ცალკეული დებულებები, რათა 2025 წლიდან აღნიშნული დოკუმენტი ძალაში შევიდეს.
„კანონპროექტი კანონად მიმდინარე წლის 9 თებერვლას იქცა, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და კანონი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ იურიდიული ძალის მქონეა, თუმცა მისი ძირითადი დებულებები 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ნორმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნას ეხება ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა. ახალი ორგანო იქნება მოდიფიცირებული და სრულიად ახალი სსიპ-ი. დაწესებულია ცალკე ნორმა მოხელეთა სერტიფიცირებისთვისაც. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეგიდით გადამზადების შემდეგ ჩატარდება სერტიფიცირების პროცესი. ყველა ის პირი, რომელიც შესაბამისი კვალიფიკაციის გამოცდებს ჩააბარებს, სერტიფიცირებული იქნება.
2029 წლის 1 იანვრიდან კი ძალაში შევა ნორმა, რომელიც აღნიშნული სერთიფიკატის ქონის გარეშე პირებს, საჯარო შესყიდვებში შესაბამისი პროცედურების განხორციელებას აუკრძალავს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სერთიფიკატს მეტად მნიშვნელოვანი იურიდიული დატვირთვა ექნება,“ - განაცხადა ზაზა ნანობაშვილმა.